მანიფესტი
ჩვენ, საქართველოს არქიტექტორები, ურბანისტები და დარგის მომიჯნავე სპეციალისტები, ვერთიანდებით პროფესიულ კავშირში.
კავშირის წევრები კოლექტიურად ვაშენებთ სოლიდარულ პროფესიულ ერთობას და გარემოს, სადაც სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია, შრომითი უფლებები დაცულია და უსამართლობის წინაშე მარტო არავინ რჩება.
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით და ვრეაგირებთ პროფესიაში არსებულ გამოწვევებზე.
ჩვენი მიზანია შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც დასაქმება სტაბილურია, საათები — მკაფიოდ განსაზღვრული, ზეგანაკვეთური შრომა და სტაჟირება — კომპენსირებული, შვებულების დღეები — გარანტირებული, შრომითი უსაფრთხოება — დაცული, ჯანმრთელობის დაზღვევა — უზრუნველყოფილი, ანაზღაურება — გამოცდილების შესაბამისად ზრდადი და სამუშაო სივრცე — ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან თავისუფალი.
ამ ყოველივეს მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი, ორგანიზებული ძალისხმევით.