წესდება
1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს არქიტექტორთა და ურბანისტთა პროფესიული კავშირი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „პროფესიული კავშირი“ ან „ორგანიზაცია“) წარმოადგენს „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და ეწევა პროფკავშირული ორგანიზაციებისათვის განსაზღვრულ საქმიანობას.
1.2. პროფესიული კავშირი წარმოშობილად ითვლება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. პროფესიული კავშირი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებულ და დროებით უმუშევარ ფიზიკურ პირთა, მათ შორის სტუდენტთა ნებაყოფლობით გაერთიანებას.
1.4. პროფესიული კავშირი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
1.5. ორგანიზაციის სრული სახელწოდებაა: საქართველოს არქიტექტორთა და ურბანისტთა პროფესიული კავშირი; ინგლისურად: Professional Union of Georgian Architects and Urbanists.
1.6. ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.7. პროფესიულ კავშირს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი გერბი, ლოგო, ბეჭედი, ბლანკი და სხვა რეკვიზიტები.
1.8. პროფესიული კავშირი დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისგან, მეწარმეთა ასოციაციების (გაერთიანებების), პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან.
1.9. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს დააფუძნოს ბეჭვდითი ორგანო.
1.10. საქართველოს არქიტექტორთა და ურბანისტთა პროფესიული კავშირის იურიდიული მისამართია: 13 ალექსი მაჭავარიანის ქუჩა, თბილისი.
1.11. პროფესიულიული კავშირის ელექტრონული ფოსტის მისამართია: pugaugeo@gmail.com.
1.12. პროფესიული კავშირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობის და წარმოდგენილი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.
1.13. პროფესიული კავშირის ვალდებულებებისთვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. პროფესიული კავშირი ასევე არ აგებს პასუხს საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისთვის.
2. საქმიანობის ძირითადი პრინციბები, მიზნები და ამოცანები
2.1. პროფესიული კავშირის მუშაობის ძირითადი პრინციპებია:
ა. წევრებს შორის სოლიდარობა საერთო მიზნის მისაღწევად;
ბ. წევრთა თანასწორუფლებიანობა და ურთიერთთანამშრომლობა;
გ. ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა;
დ. მმართველ ორგანოთა არჩევითობა და მათი ანგარიშვალდებულება პროფესიული კავშირის წევრთა წინაშე;
ე. პროფესიული კავშირის წევრთა და ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს შორის ინფორმაციის მაქსიმალური გაცვლა და მჭიდრო კავშირი;
ზ. საქმიანობის გამჭვირვალობა.
2.2. პროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა. პროფესიული კავშირის წევრების სოციალური, ეკონომიკური, და შრომითი უფლებების და ინტერესთა დაცვა;
ბ. წევრების პროფესიული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი გაძლიერება;
გ. სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამართლიანი ანაზღაურების ხელშეწყობა, დასაქმების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
დ. მშრომელთა შრომითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხების ირგვლივ განათლების დონის ამაღლება;
ე. მონაწილეობის მიღება შესაბამის ორგანოებში შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებების საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების წინასწარ განხილვაში. პროფესიული კავშირის წევრთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტების და ინიციატივების შემუშავება;
ზ. პროფესიული კავშირის წევრთათვის იურიდიული დახმარების ორგანიზება;
თ. მშრომელთა წარმომადგენლობა სასამართლოში და მათი უფლებების დაცვა მესამე პირებთან;
ი. შრომით დავებში მონაწილეობა;
კ. სოლიდარობის, საგაფიცვო შტაბების და ფონდების შექმნა;
ლ. კოლექტიური ხელშეკრულებების დადება;
მ. სოციალური პარტნიორობა, თანამშრომლობა დამსაქმებელთან;
ნ. პარტნიორობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის მშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;
ო. პროფესიული კავშირის წევრთა ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა;
პ. დამკვეთებთან სამართლიანი საპროექტო ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
2.3. ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს წესდების მიზნებიდან გამომდინარე კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესდებაში სახელდებით არ არის მითითებული, თუმცა ემსახურება და უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიზნების ქმედით შესრულებას.
3. ორგანიზაციის მართვა
3.1. პროფესიული კავშირის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება.
3.2. პროფესიული კავშირის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
3.3. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა (50%+1). ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება ერთი თვის პერიოდში. განმეორებითი საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ორგანიზაციის სრული შემადგენლობის წევრთა 10% მაინც, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3.5. საერთო კრების მოწვევისა და კრების თავმჯდომარეობის უფლებამოსილება გააჩნია ორგანიზაციის თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციის გამგეობის მიერ არჩეულ პირს გამგეობის შემადგენლობიდან. საერთო კრება კრებაზე დამსწრე პირთა ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს კრების მდივანს.
3.6. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნისა და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნიათ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გამგეობას, გამგეობის მინიმუმ 2 წევრს, ან ორგანიზაციის არანაკლებ 10 წევრს.
3.7. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალდებულია რიგგარეშე კრების მოთხოვნის მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს წესდების 3.6. პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე კრების მოწვევა და შემოთავაზებული საკითხების შეტანა დღის წესრიგში. თუ თავმჯდომარე აღნიშნულ ვადაში არ/ვერ შეასრულებს ამ ვალდებულებას, რიგგარეშე კრების მოწვევის უფლებამოსილება გადადის გამგეობაზე, რომელიც თავად უზრუნველყოფს კრების ორგანიზებას.
3.8. პროფესიული კავშირის საერთო კრება ამტკიცებს წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და შესწორებები, ირჩევს გამგეობის წევრებს, ირჩევს ორგანიზაციის თავმჯდომარეს წესდებით დადგენილი წესით. ახორციელებს ამ წესდებით და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.9. საერთო კრება განსაზღვრავს პროფესიული კავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
3.10. პროფესიული კავშირის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, რასაც სჭირდება წევრთა სრული შემადგენლობის 3⁄4.
3.11. პროფესიული კავშირის დამფუძნებლები დაფუძნების დღიდან არიან ორგანიზაციის წევრები.
3.12. დამფუძნებლებსა და შემდგომში მიღებულ წევრებს პროფესიულ კავშირში თანაბარი უფლებამოსილება აქვთ.
3.13. ორგანიზაციის საერთო კრება, როგორც წესი, ტარდება შაბათ ან კვირა დღეს.
3.14. პირი (პირები) ან ორგანო, რომელიც იწვევს საერთო კრებას, უზრუნველყოფს დღის წესრიგის შემუშავებას და ორგანიზაციის წევრებისთვის გასაცნობად წარდგენას.
3.15. მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ ორგანიზაციის წევრებს უნდა ეცნობოთ კრების ჩატარებამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 7 დღისა. კრების წევრთა ინფორმირება ხორციელდება კომუნიკაციის შემდეგი საშუალებებით: ელექტრონული ფოსტით ან/და ტელეფონით (მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით).
3.16. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, ორგანიზაციის წევრებს უნდა ეცნობოთ კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღისა. კრების წევრთა ინფორმირება ამ შემთხვევაშიც ხორციელდება კომუნიკაციის შემდეგი საშუალებებით: ელექტრონული ფოსტით ან/და ტელეფონით (მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით).
4. პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობა (გამგეობა)
4.1. პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობის კოლეგიური ორგანოა გამგეობა. გამგეობას 7 წევრის შემადგენლობით 2 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.
4.2. გამგეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 7 პირისგან შემდგარი ჯგუფი. 7 პირისგან შემდგარმა ჯგუფმა არჩევნებამდე არაუგვიანეს 5 დღისა კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართოს ორგანიზაციის თავმჯდომარეს ან/და მისი არარსებობის შემთხვევაში გამგეობას. საერთო კრებამ გამგეობა უნდა აირჩიოს 7 პირისგან შემდგარი, პირთა გაერთიანება, ის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ღია კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ხმათა თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ჯგუფები. გამგეობად აირჩევა ის ჯგუფი, რომელიც მეორე ტურში ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას დააგროვებს.
4.3. პროფესიული კავშირის გამგეობა ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით.
4.4. პროფესიული კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს ორგანიზაციის თავმჯდომარე; გამგეობის სხდომის მდივანი აირჩევა გამგეობის წევრებიდან სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
4.5. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს თავის სხდომაზე. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება პროფესიული კავშირის გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს „გამგეობის გადაწყვეტილების“ სახით, რომელსაც ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ.
4.6. გამგეობის გადაწყვეტილებები აღირიცხება ჟურნალში გადაწყვეტილების ნომრის, სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღის, გადაწყვეტილების მოკლე შინაარსის მითითებით;
4.7. გამგეობა თავის გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.8. გამგეობის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში, თუ გამგეობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხს წყვეტს რიგგარეშე საერთო კრება.
4.9. გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ორგანიზაციის თავმჯდომარის ან გამგეობის ნებისმიერი წევრის წერილობითი ინიციატივით. სხდომის მომწვევი პირი გამგეობის წევრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის მოსაწვევს გამგეობის სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 დღისა. გამონაკლისს წარმოადგენს ფორსმაჟორული გარემოებები ან გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც სხდომის გადადებამ/დაყოვნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ორგანიზაციის ინტერესებს. ასეთ გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია სხდომის მოწვევა 7 დღეზე ნაკლებ ვადაშიც. მოსაწვევში აღნიშნული უნდა იყოს სხდომის თარიღი, დრო, ადგილი და დღის წესრიგი.
4.10. აუცილებლობის შემთხვევაში (სამსახურებრივი - საკადრო ცვლილებები, ხანგრძლივი ავადმყოფობა და სხვა) გამგეობა გამგეობის წევრებიდან ირჩევს პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, შემდგომში მისი საერთო კრებაზე დამტკიცებით.
4.11. პროფესიული კავშირის გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა. საერთო კრების მიერ დამტკიცებული სამუშაო პროგრამისა და გეგმების განხორციელება;
ბ. პროფესიული კავშირის - სტრუქტურული ერთეულების განსაზღვრა და დამტკიცება ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად;
გ. პროფესიული კავშირის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დამტკიცება;
დ. სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების დებულებების მომზადება და დამტკიცება;
ე. დადგენილი წესით რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა და მისი ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
ზ. გადაწყვეტილებების მიღება წევრთა მიღებაზე და მათ გარიცხვაზე;
თ. პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობა.
5. თავმჯდომარე
5.1. პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობისას ორგანიზაციას წარადგენს საერთო კრების მიერ გამგეობის წევრებიდან არჩეული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს დამატებითი მინდობილობის გარეშე.
5.2. საერთო კრება გამგეობის წევრებიდან ღია კენჭისყრით ირჩევს პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს 2 წლის ვადით. არჩეული თავმჯდომარე უფლებამოსილებას ახორციელებს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე. პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამავე დროს არის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე.
5.3. არ შეიძლება ერთი და იგივე პირი თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნეს არჩეული ზედიზედ 4-ჯერ.
5.4. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია გამგეობისა და საერთო კრების წინაშე.
5.5. თავმჯდომარე:
ა. გასცემს მინდობილობებს;
ბ. წარმოადგენს პროფესიულ კავშირს მესამე პირებთან და აწერს ხელშეკრულებებზე და შეთანხმებებზე ხელს;
გ. ხსნის და ხურავს ყველა სახის ანგარიშს კომერციულ ბანკებში;
დ. საერთო კრებას წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ე. გამგეობის დასკვნის საფუძველზე იღებს და ათავისუფლებს პროფესიული კავშირის თანამშრომლებს;
ზ. გამგეობის დასკვნის საფუძველზე აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებსა და შეთანხმებებს;
თ. არსებული მონაცემების საფუძველზე, ორგანიზებას უწევს პროფესიული კავშირის წევრთა სიის შედგენას;
ი. ამტკიცებს წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს;
კ. იღებს ამ წესდებიდან კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილებებს და ასრულებს მათ;
ლ. თავმჯდომარე გამგეობის თანხმობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს;
მ. გამგეობის თავმჯდომარის გადარჩევას ახორციელებს საერთო კრება.
6. წევრად მიღება
6.1. პროფესიულ კავშირში გაწევრიანებისათვის ფიზიკური პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. განცხადებას უნდა ერთოდეს ორგანიზაციის ორი მოქმედი წევრის რეკომენდაცია, ხოლო თავად განცხადებაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული წევრის ვალდებულება, რომ იგი კანონისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად გადაიხდის დადგენილ საწევრო შენატანს. პირის გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე სავალდებულოა მსურველთან გამგეობის მიერ გასაუბრების ჩატარება. ორგანიზაციის გამგეობა, განცხადების მიღებიდან და გასაუბრების დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პირის პროფესიულ კავშირში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
6.2. პროფესიული კავშირის წევრი შეიძლება იყოს:
ა. არქიტექტურის ან ურბანისტიკის სფეროში დასაქმებული, თვითდასაქმებული ან დროებით უმუშევარი ნებისმიერი ფიზ. პირი, მათ შორის: არქიტექტორები, ლანდშაფტის არქიტექტორები, არქიტექტურის რესტავრატორები, ურბანისტები, სივრცითი დამგეგმარებლები, მობილობის სპეციალისტები, ქალაქგეგმარების/სივრცთი დაგეგმვის სფეროში დასაქმებული გეოგრაფები, ინტერიერის დიზაინერები, არქიტექტურის სფეროში მომუშავე დიზაინერები, არქიტექტურისა ან/და ქალაქმგეგმარების სფეროს მკვლევრები, საგანმანათლებლო სფეროში ჩართული პირები და ა.შ;
ბ. დიპლომირებული სპეციალისტები, სტუდენტები.
6.3. ორგანიზაციის წევრები და შემდგომში გაწევრიანებული პირები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.
6.4. პროფესიულ კავშირში წევრი მიიღება განუსაზღვრელი ვადით;
6.5. გამგეობის გადაწყვეტილებით პროფესიული კავშირის მიმართ განსაკუთრებული დამსახურების მქონე ფიზიკურ პირს შეიძლება მიენიჭოს პროფესიული კავშირის საპატიო წევრის სტატუსი და გაიცეს შესაბამისი მოწმობა.
7. წევრის უფლება-მოვალეობანი
7.1. პროფესიული კავშირის წევრს უფლება აქვს:
ა. აირჩიოს და არჩეულ იქნას პროფესიული კავშირის ორგანოებში;
ბ. მიიღოს მონაწილეობა პროფესიული კავშირის საერთო კრების მუშაობაში;
გ. მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში;
დ. გაეცნოს გამგეობის, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შესრულებულ სამუშაოებს;
ე. თავისი სურვილით გავიდეს ორგანიზაციიდან;
ზ. ისარგებლოს პროფესიული კავშირის იურიდიული დახმარებით შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში.
7.2. საწესდებო მოთხოვნათა სისტემური შეუსრულებლობის შემთხვევაში პროფკავშირის წევრის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, კერძოდ გაფრთხილება, ხოლო როგორც უმაღლესი ზომა, იგი შეიძლება გარიცხულ იქნეს პროფესიული კავშირის წევრობიდან ორგანიზაციის გამგეობის მიერ.
7.3. პროფესიული კავშირის წევრი მოვალეა:
ა. დაიცვას პროფესიული კავშირის წესდება და შინაგანაწესი;
ბ. ხელი შეუწყოს პროფესიული კავშირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;
გ. დროულად და დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო გადასახადი;
დ. ორგანიზაციას წარუდგინოს ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების შესახებ მისი წარმოშობიდან 1 თვის ვადაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე. ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ წარუდგინოს დამატებითი მონაცემები ან მათი ცვლილებები პროფესიული კავშირის წევრთა სიის ორგანიზების მიზნით;
ზ. გაუფრთხილდეს ორგანიზაციის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ქონებას;
თ. არ გაავრცელოს მცდარი ინფორმაცია პროფკავშირის შესახებ;
ი. არ გათქვას კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფკავშირის სამუშაო შეხვედრების დროს და არ გამოიყენოს იგი საკუთარი ან მასთან დაკავშირებული მესამე პირების ინტერესებისათვის.
8. წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
8.1. პროფესიული კავშირის წევრს წევრობა შეუწყდება:
ა. ორგანიზაციის გამგეობისთვის წევრის მიერ პირადი განცხადებით მიმართვის საფუძველზე;
ბ. პროფესიული კავშირის გამგეობის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ. თუ წევრი სასამართლომ აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ. თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის;
ე. თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა პროფესიულ კავშირში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას;
ზ. თუ არ იხდის საწევრო გადასახადს ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გარდა 9.3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
თ. წევრზე დაკისრებული ვალდებულების სისტემატიური შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგეობის გადაწყვეტილებით;
ი. პროფესიული კავშირის პრინციპების უხეშად დარღვევის შემთხვევაში;
კ. შრომითი დავების დროს კოლექტიური გადაწყვეტილებების უგულვებელყოფის შემთხვევაში;
ლ. გარდაცვალების შემთხვევაში;
მ. კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
8.2. პროფესიული კავშირის გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ზ“ „თ“ „ი“ “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული კავშირის წევრის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“ „ლ“ და “მ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.
8.3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს პირს, ვისზეც იქნა გადაწყვეტილება მიღებული პირადად გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9. საწევრო
9.1. საწევროს შენატანი გადაიხდება ფულადი სახით. საწევრო ორგანიზაციის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. საწევროს შენატანის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
9.2. ორგანიზაციის წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო ყოველთვიურად.
9.3. საწევროს ყოველთვიური გადასახადის ოდენობა დასაქმებულებისთვის შეადგენს 25 ლარს; სტუდენტებისთვის 5 ლარს; სოციალურად დაუცველებისთვის და დროებით უმუშევრებისთვის ყოველთვიური საწევრო გადასახადის გადახდა ნებაყოფლობითია.
9.4. ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს ორგანიზაციის იმ წევრების შერჩევის კრიტერიუმები, რომლებზეც ასევე უნდა გავრცელდეს გამგეობის მიერ დადგენილი საშეღავათო საწევროს გადახდის ვალდებულება.
9.5. საწევრო შენატანის მინიმალური ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
9.6. საწევრო შენატანებით შემოსული სახსრები უნდა დაიხარჯოს წესდების მიზნების განსახორციელებლად, წევრთა იურიდიულ დახმარებაზე, სააგიტაციო და საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობაზე, მათ შორის და არამარტო სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული სპეციალისტების შრომით ანაზღაურებაზე.
10. ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია
10.1. პროფესიული კავშირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე.
10.2. პროფესიული კავშირის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ წესდების 3.10 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების მიერ ან/და სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შედეგად, ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
10.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები.
10.4. საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
10.5. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
10.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ორგანიზაციის წევრებს შორის.
10.7. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირი.
11. დასკვნითი დებულებანი
11.1. თუ ამ წესდების რომელიმე მუხლი ბათილად იქნა ცნობილი ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულების ნამდვილობაზე.
11.2. ამ წესდების და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.
11.3. წესდება ძალაში შედის ორგანიზაციის სადამფუძნებლო ოქმზე ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.